უპირველეს ყოვლისა, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მზაობისთვის, მონაწილეობა მიგვეღო უძრავი ქონების პირველ საერთაშორისო კვირეულში, რომელიც უნდა გამართულიყო 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯია-ს ტერიტორიაზე.
სამწუხაროდ, მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, რაც უკავშირდება კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ზომებს, კვირეულის ორგანიზატორებმა ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მივიღეთ. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა საქართველოს სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) რეკომენდაციებსა და მითითებებს და ემსახურება ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისა და მონაწილეებისთვის ნებისმიერი შესაძლო რისკის თავიდან აცილებას. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია განიხილავს კვირეულის და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების 2020 წლის შემოდგომაზე ან ზამთარში ჩატარების ყველა შესაძლო ვერსიას, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.
ამასთან, შექმნილი ფორს-მაჟორული ვითარების გათვალისწინებით, დროებით ვაჩერებთ ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს, ღონისძიებებს და ტრენინგებს და ვზღუდავთ როგორც ქვეყანაში შემომავალ, ისე გასვლით საერთაშორისო ვიზიტებს. აქვე გაცნობებთ, რომ დაწესებული შეზღუდვების პირობებში ინტენსიურად ვიმუშავებთ ასოციაციის და მისი შემდგომი განვითარების სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე.
ასოციაციის ხელმძღვანელობა განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს და შემდგომშიც იმოქმედებს საქართველოს ოფიციალური უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების და მითითებების შესაბამისად.
გაცნობებთ, რომ კორონავირუსის შესახებ განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.ncdc.ge და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე – www.who.int.
ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მოვლენები მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში უკეთესი სცენარით განვითარდება და მალე შევძლებთ, დავუბრუნდეთ ცხოვრების და მუშაობის ჩვეულ რიტმს.
წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!