საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთო კრება

GNARE - ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR)
ერთადერთი პარტნიორი საქართველოში.

წევრთა საერთო კრება

ასოციაციის უმაღლეს მმართველ ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება, ხოლო ასოციაციის მართვა ხორციელდება წევრთა საერთო კრებისა და მმართველთა საბჭოს მეშვეობით. საერთო კრებაზე დასწრების, განხილვებში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ასოციაციის სრულუფლებიან წევრებს. საერთო კრება იმართება არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ხოლო მორიგი ან რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მმართველთა საბჭოს არანაკლებ ორ წევრს, ასოციაციის პრეზიდენტს ან ასოციაციის სრულუფლებიან წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. საერთო კრების მოწვევა და ჩატარება ფინანსდება ასოციაციის სახსრებიდან.

წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს და გამოიწვიოს მმართველთა საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრები, აირჩიოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ასოციაციის პრეზიდენტი, დაამტკიცოს ასოციაციის წესდება და მასში ცვლილებები, დაამტკიცოს პროფესიული ეთიკის კოდექსი, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, ასევე დაამტკიცოს მმართველთა საბჭოსა და ეთიკის კომისიის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშები.

ასოციაციის თითოეულ სრულუფლებიან წევრს საერთო კრებაზე აქვს ერთი ხმის უფლება. ხმის მიცემის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ წევრს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ არ აქვს გადახდილი საწევრო შენატანი, თუმცა ასეთი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უნდა იყოს მითითებული კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში.

ასოციაციის წევრთა, როგორც სრულუფლებიანი, ისე ასოცირებული წევრების რაოდენობა ცვალებადია და არ საჭიროებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას. წევრთა რეესტრის წარმოებასა და მის განახლებაზე პასუხისმგებელია მმართველთა საბჭო.

საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება სრულუფლებიან წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. თუ აღნიშნული კვორუმი ვერ შედგა, კრების მომწვევი უფლებამოსილია მოიწვიოს განმეორებითი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია სრულუფლებიან წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის დასწრების შემთხვევაში. თუ განმეორებითი კრებაც ვერ გახდება გადაწყვეტილებაუნარიანი, შესაძლებელია მესამე კრების მოწვევა, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები დამსწრე წევრთა რაოდენობის მიუხედავად.

საერთო კრებაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით, ადგილზე ან დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. წარმომადგენლობის უფლებამოსილება გაიცემა წერილობით, მათ შორის ხელმოწერილი მინდობილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ელექტრონული ფოსტით მინდობილობის გაცემის შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება ასოციაციის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე და უნდა შეიცავდეს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მითითებას კონკრეტულ სხდომაზე წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის სურვილის შესახებ და წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ასოციაციის სხვა სრულუფლებიანი წევრიც, თუმცა ერთ პირს, საკუთარი თავის გარდა, ერთდროულად არაუმეტეს სამი წევრის წარმომადგენლობა შეუძლია.

საერთო კრების გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე სრულუფლებიანი წევრების ნახევარზე მეტი, გარდა მმართველთა საბჭოს წევრებისა და პრეზიდენტის არჩევის შემთხვევებისა. მმართველთა საბჭოს წევრები და პრეზიდენტი აირჩევიან ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელმაც სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტი ხმა მიიღო.

საერთო კრების მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე და, მისი არჩევის შემთხვევაში, კრების მდივანი. ოქმში აუცილებლად უნდა აისახოს ასოციაციის საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი, სხდომის ჩატარების ადგილი და თარიღი, ინფორმაცია კრების მოწვევის პროცედურის დაცვისა და გადაწყვეტილებაუნარიანობის შესახებ, სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სხდომის დღის წესრიგი, მიღებული გადაწყვეტილებები და კენჭისყრის შედეგები.

საერთო კრება ტარდება მისი მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებიდან არანაკლებ შვიდი კალენდარული დღის შემდეგ. ამასთან, კრების მოწვევის ინიციატორი ვალდებულია დამატებით უზრუნველყოს სრულუფლებიანი წევრების ინფორმირება ელექტრონული კომუნიკაციის ისეთი საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიღების დადასტურების შესაძლებლობას. შეტყობინების გამოქვეყნებად მიიჩნევა შესაბამისი ინფორმაციის განთავსება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს სხდომის დღის წესრიგს, ხოლო სრულუფლებიან წევრებს უფლება აქვთ შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში მოითხოვონ დღის წესრიგში დამატებების შეტანა. საერთო კრების ჩატარების ადგილი, დრო და ფორმა არ უნდა ზღუდავდეს სრულუფლებიანი წევრების სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

საერთო კრების სათანადოდ მოწვევასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია მისი მომწვევი პირი ან პირები, ხოლო საერთო კრების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა ასოციაციის ყველა წევრისა და ყველა ორგანოსათვის.

თუ საერთო კრების მოწვევის პროცედურა დარღვეულია, გადაწყვეტილების მიღება მაინც დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც სხდომას ესწრება ყველა სრულუფლებიანი წევრი და ისინი თანხმდებიან კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. სრულუფლებიანი წევრის თანხმობად ჩაითვლება შემთხვევაც, როდესაც იგი პროცედურული დარღვევის მიუხედავად არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას.